გორი-ატენის დამაკავშირებელი გზის გადაკეტილი მონაკვეთი გახსნილია - ადგილობრივების პროტესტი ისევ გრძელდება
გორი-ატენის დამაკავშირებელი გზის პარალიზებული მონაკვეთი გახსნილია. ადგილობრივები ადგილზე რჩებიან და იმ კომპანიის წარმომადგებელს ელოდებიან, რომელიც სოფელში გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამბობენ, რომ დღეს უნდა მიიღონ პირობა პროექტის დროულად დასრულებასთან დაკავშირებით. ატენში ჩავიდა გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიც, თუმცა მან მოსახლეობას უთხრა, რომ ეს საკითხი მერიის კომპეტენციაში არ შედის, რადგან გზის ამ მონაკვეთზე მოვლა-პატრონობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. გორი-ატენის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი პარალიზებული ორ საათზე მეტხანს იყო. ქუჩაში გამოსული მოსახლეობა იმ პრობლემების მოგვარებას ითხოვს, რომლის გადაჭრასაც ადგილობრივი ხელისუფლება მათ წინასაარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ პირდებოდა. ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანია სტანდარტების დაცვის გარეშე მუშაობს. ისინი არ ასველებენ გრუნტს, რის გამოც ირგვლივ ცემენტის მტვერი დგება. ადგილობრივები ყვებიან, რომ, უკვე ერთი წელია, შექმნილი მდგომარეობის გამო ფანჯარას ვერ აღებენ და საფრთხე უკვე მოსავალსაც ემუქრება.